ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომლითაც ამ სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებული საკითხები და დაბეგვრის რეჟიმი უნდა დარეგულირდეს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ბოლო მეთოდური მითითება რიგ პრობლემურ საკითხებს აწესრიგებს. თუმცა ბიზნესის შეფასებით, რისკები კვლავ არსებობს, რომ მომავალში საგადასახადო უწყებამ მიდგომები კვლავ შეცვალოს და ახალი მოტივით დააჯარიმოს IT კომპანიები. შესაბამისად, დარგი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტს უკვე წარედგინა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და ახლა ისინი ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოლოდინში არიან.
„შემოსავლების სამსახურის გამოცემული მესამე მეთოდური მითითების საფუძველზე კომპანიების დიდ ნაწილს ჯარიმები შეუმცირდა ანდაც სრულად მოეხსნა. თუმცა მაინც პრობლემად რჩება ბუნდოვანი და დაუზუსტებელი კანონმდებლობა, რაც ქმნის იმის რისკს, რომ კომპანიები მომავალშიც აღმოჩნდებიან საგადასახადო წნეხის ქვეშ. ეს ვითარება კი ინვესტორებს სტაბილურობის განცდას არ უტოვებს. ამიტომ ასოციაციაში ისევ იმ აზრზე ვართ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებებით დეტალურად გაიწეროს, თუ როგორ რეგულირდებიან და იბეგრებიან ამ სტატუსის მქონე კომპანიები. ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტით შევქმნით სტაბილურ გარემოს ბიზნესისთვის და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში IT დარგში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას და არსებულის შენარჩუნებას, რაც ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ პრობლემური იყო“, - განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების შემოწმება და დაჯარიმება დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. საგადასახადო ორგანომ პრაქტიკა მოულოდნელად შეცვალა და თქვა, რომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანიების ის ნაწილი, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავდათ დასაქმებულები, მოგების გადასახადით უნდა იბეგრებოდნენ. გასულ წელს შემოსავლების სამსახურმა ახალი მეთოდური მითითება გამოსცა და პრაქტიკა გარკვეულწილად შეარბილა. უწყება მოგების გადასახადის ნაცვლად კომპანიებს საშემოსავლო გადასახადის გადახდას სთხოვდა, ამ ფონზე კი დარიცხული ჯარიმები შედარებით შემცირდა. ბოლო, მესამე მეთოდური მითითება უკვე რამდენიმე თვის წინ გამოიცა, რომლითაც კომპანიების დიდ ნაწილს ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ მოეხსნა.
თუმცა სექტორი მიიჩნევს, რომ პრობლემური საკითხი სრულად არ მოგვარებულა და კვლავ რჩება არაერთი ბუნდოვანება, რის გამოც აუცილებელია უკვე საკანონმდებლო დონეზე დეტალურად გაიწეროს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ და როგორ უნდა იბეგრებოდნენ ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიები.