LIVE

რა სჭირდება გუნდს სამსახურში საუკეთესო შედეგების მისაღწევად

08 მარ 202114:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
რა სჭირდება გუნდს სამსახურში საუკეთესო შედეგების მისაღწევად
Yann Bastard

იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს სამსახურში საუკეთესო შედეგების მიღწევას, ბარსელონელი მკვლევარები 48 კომპანიის 654 გუნდს დააკვირდნენ.

დაკვირვებამ  ექვსი ძირითადი ფაქტორი გამოკვეთა, რომლებიც გუნდის წარმატებაზე ახდენს გავლენას. კვლევის ავტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის პროფესორი, მიქაელა ენაჩე ზეგერუ ამბობს, რომ ეს ფაქტორები ერთმანეთთან ურთიერთკავშირში არიან, ანუ თუ ერთი არ არის დაკმაყოფილებული, სავარაუდოდ, დანარჩენი ოთხიც ვერ შესრულდება, რაც პროდუქტიულობის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა გუნდს 20/20 ჯგუფური ხედვა. ეს ნიშნავს ”საერთო მიზნებს და საერთო ხედვას სამუშაო პროცესთან მიმართებაში” - ამბობს ზეგერუ. აცნობიერებს თუ არა გუნდი სამუშაო პროცესს და რა ხდება ამის შემდეგ? ესმის თუ არა ყველას, რა არის ზოგადი მიზნები და სწამს თუ არა მათი?

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, არის თუ არა გუნდი შეკრული? რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა გუნდმა უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა ერთეულმა. აქ მნიშვნელოვანი კითხვებია: არის თუ არა ეს ნამდვილი გუნდი? თუ იძულებით თავმოყრილი მაღალკვალიფიციური პირების ერთობაა, რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვთ? ძლიერი ჯგუფი  კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობს და მხარს უჭერს წევრების კეთილდღეობას.

გრძნობს თუ არა გუნდში თავს ყველა აღიარებულად - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი არ ესმით. ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა: გრძნობენ თუ არა ისინი თავს ფსიქოლოგიურად, ან თუნდაც ფიზიკურად უსაფრთხოდ? თუ ასე არ არის, გუნდის წევრები იდეების შეთავაზებას და ინფორმაციის გაზიარებას შეწყვეტენ.

ზეგერუს კვლევის მიხედვით, თანამშრომლებს სურთ გამოწვევები სამსახურში, რაც მათ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებათ. თუმცა, ბალანსი აუცილებელია. გუნდი საუკეთესო შედეგებს დებს მაშინ, როდესაც თანამშრომლები გრძნობენ, რომ ადეკვატური დატვირთვა აქვთ.

იზრდება თუ არა კრეატიულობა? გუნდს საუკეთესო შედეგი აქვს, როდესაც ახალი იდეები მოჰყავს სისრულეში. თუ თანამშრომლებს საქმე შემოქმედებითად არ მიაჩნიათ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კონფლიქტისკენ.

ზეგერუს მიხედვით, მენეჯერის როლი ჯგუფის წინსვლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების მხარდაჭერა, მოტივაცია და შთაგონება. ეს უკანასკნელი კი უმთავრესია: შთამაგონებელი ლიდერის პირობებში, გუნდი უფრო ძლიერია და გამოწვევებსაც მარტივად უმკლავდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატის ავტორი: არიან კოენი