
2023 წლის 29 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის დაწესების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
შეთანხმების რატიფიცირებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა: "აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის ძალაში შესვლა რუსეთის ფედერაციასთან ძმური ურთიერთობებისა და მაღალი დონის დიალოგის დადასტურებაა," - განაცხადა არძინბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის დაწესების ინიციატივა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. 2022 წლის 27 სექტემბერს შეთანხმებას ხელი მოაწერეს სერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ. 2022 წლის 30 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შეიყვანა; ხოლო პროექტის რატიფიცირება რუსულმა მხარემ საბოლოოდ 2023 წლის 29 ივნისს დაასრულა.
გარდა ორმაგი მოქალაქეობის დაშვებისა, შეთანხმება ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.