
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 16 თვის შემდეგ, ბრძოლის ველზე მძიმე იარაღის ბალანსის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
დამოუკიდებელი გერმანული კვლევითი ორგანიზაცია Kiel Institute for the World Economy-ის მონაცემები აჩვენებს, რომ კიევის მხარდამჭერებმა ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას 471 ახალი ტანკი გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დახმარების დაპირების ტემპი შესუსტდა, უკრაინა კიდევ 286 ტანკს ელოდება.
სადაზვერვო ჯგუფის Oryx-ის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის სატანკო ფლოტი გაიზარდა, რუსეთის კი განახევრდა.
ამასთან, მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების კუთხით სხვაობაც.
ტანკების რიცხვის შესახებ მონაცემები ემთხვევა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსის, ტონი რადაკინის მიერ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოყვანილ რიცხვებს. მისი თქმით, რუსეთმა არმიის საბრძოლო აღჭურვილობის თითქმის ნახევარი დაკარგა.
"გასულ წელს მან გაისროლა 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მან დაკარგა 2500 ტანკი და საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლია წელიწადში 200 ტანკის წარმოება", - განუცხადა რადაკინმა საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის კომიტეტს.
Oryx-ის თანახმად, 2022 წლის ომის დაწყებიდან რუსეთის 2082 ტანკი განადგურდა, დაზიანდა ან უკრაინის მხარეს მოხვდა. ომის დასაწყისში რუსეთს 3417 ტანკი ჰქონდა.
ორივე ქვეყანა ომში სამხედრო ზარალს საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნევს, რის გამოც, ანალიტიკურ ორგანიზაციებს ღია წყაროებით ინფორმაციის მიღება უჭირთ, ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინას, რომლის მონაცემები ნაკლებად არის აღრიცხული. ასევე არ არსებობს სანდო მონაცემები იმ ტანკების ან საარტილერიო ნაწილების შესახებ, რომლებიც რუსეთმა აწარმოვა ან მიიღო ომის დაწყების შემდეგ.
ანალიტიკოსების შეფასებით, დიდი დანაკარგის მიუხედავად, უკრაინის მძიმე იარაღის მოცულობა ომის პირველ წელს მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
უკრაინის გენერალური შტაბი ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად აცხადებს 30-ზე მეტი რუსული არტილერიის განადგურების შესახებ. საარტილერიო დანაკარგების გადამოწმება განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი, როგორც წესი, კარგად იმალება ფრონტის ხაზის უკან.