
2023 წლის ივნისში მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი თვიურ ჭრილში 43.1%-ით გაიზარდა, 3.1%-ით მოიმატა ნავთობის ფასმა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ხორბლის ღირებულებას, ივნისში, მაისთან შედარებით, ხორბლის ფასი 8.3%-ით შემცირდა.
ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივნისში, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, ფეროსილიკონისა და ოქროს გლობალური ფასების დინამიკა ასეთი იყო:
ნავთობი
ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით. 2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.
ბუნებრივი აირი
ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია. თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ითაა შემცირებული. ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.
ამონიუმის ნიტრატი
ივნისში ამონიუმის ნიტრატის ფასის კლება გაგრძელდა და თვიურად 13.6%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია 2021 წლის ბოლოდან დაიწყო, რაც უკავშირდება ბუნებრივი აირის ფასების შემცირებას (სასუქის წარმოებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი) და მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებას. ასევე, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო ბაზარზე ამ საქონლის დეფიციტი იყო მოსალოდნელი, თუმცა რუსულმა ექსპორტმა ევროპიდან ჩინეთსა და ინდოეთში გადაინაცვლა, რამაც ფასის კლება გამოიწვია.
ხორბალი
ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 8.3%-ით შემცირდა. ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში - ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე. ასევე, მარცვლეული კულტურების ფასი შეიძლება გაიზარდოს უკრაინის (შავი ზღვის) მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სპილენძის მადნები და კონცენტრატები
ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილურია და მერყეობს 8 300 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ სპილენძის ფასის ზრდა არ გამოიწვია, რაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის შენელებით. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში სპილენძის ბაზარზე დადებითი მოლოდინებია, რადგან ეს ნედლეული მნიშვნელოვანია ელექტრული მანქანებისა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის.
ფეროსილიკონი
ივნისში ჩინურ და ევროპულ ფეროსილიკონზე ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდა და შესაბამისად, თვიურად 6.7%-ით და 4.3%-ით შემცირდა. ფასების მოკლევადიანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, თუმცა შემდგომ თვეებში შემცირების ტენდენცია გრძელდება. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნას 2023 წელს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ფასების ზრდაზე, რადგან როგორც ჩინეთის ისე გლობალური ეკონომიკაც შენელებულია.
ოქრო
ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით შემცირდა, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნის შემცირებით. Galt & Taggart-ის შეფასებით, გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2 000 აშშ დოლარს მიაღწია.