LIVE

თურქეთის სავაჭრო დეფიციტი შემცირდა

07 ივლ 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
თურქეთის სავაჭრო დეფიციტი შემცირდა

ივნისში თურქეთის სავაჭრო დეფიციტი გაუმჯობესდა. ამის მთავარი მიზეზი თურქეთში ენერგორესურსების იმპორტის კლება გახდა, რის შედეგადაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც შემცირდა. შესაბამისად, ამან შეამსუბუქა წნეხი ლირასა და თურქეთის სავალუტო რეზერვებზე. 

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ივნისის იმპორტი, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთა შედარებით, 17%-ით შემცირდა და $26.3 მილიარდი შეადგინა. ეს კი ყველაზე დაბალი დონეა თითქმის ორი წლის განმავლობაში. 

გარდა ამისა, შემცირდა ექსპორტიც, თუმცა შედარებით ნაკლებად. წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით დაიკლო ექსპორტმა, $20.9 მილიარდამდე. 

ამრიგად, ექსპორტისა და იმპორტის ნაკადების შემცირებით თურქეთის სავაჭრო დეფიციტი 35%-ით შემცირდა და $5.4 მილიარდი შეადგინა. ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო დეფიციტი მომდევნო კვირებში კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რადგან იმპორტი დაიკლებს და ექსპორტი გაიზრდება. 

თურქეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივა, ლირა დოლართან მიმართებით 23%-ით გაუფასურდა.