
Vici Properties, Meta და Alphabet 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად კომპანიებად დასახელდნენ. გლობალური დასაქმების ბაზრის მონაცემები Wall Street Journal-მა შეისწავლა.
გამოცემამ S&P 500-ში შემავალი 278 კომპანიის საშუალო ხელფასი დათვალა. შედეგები აჩვენებს, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანია იყო უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი Vici Properties, რომლის 22 თანამშრომლის საშუალო ხელფასი $415 000 დოლარია. კომპანია აშშ-ს მასშტაბით ფლობს უამრავ კაზინოს. სიაში მეორე ადგილზეა Meta, სადაც თანამშრომლების საშუალო ხელფასი თითქმის $300 000 იყო, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი, $280 000-იანი საშუალო ხელფასის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში ხარჯების შემცირების მიზნით Alphabet-მა და Meta-მ ჯამში 33 000 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
რაც შეეხება უშუალოდ ამ კომპანიების დირექტორების ხელფასებს, 2022 წელს ყველაზე მაღალი ხელფასი აიღო Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ, რომელმაც $226 მლნ დოლარი მიიღო, რაც 808-ჯერ აღემატება კომპანიის საშუალო ხელფასს. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კი, $28 მლნ დოლარი მიიღო, რაც 91-ჯერ აღემატება კომპანიის საშუალო ხელფასს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანიის, Vici Properties აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვარდ პიტონიაკმა თითქმის $11.6 მილიონი მიიღო, რაც 28-ჯერ აღემატება საშუალო ხელფასს.