
თურქმენეთში ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისადმი მიძღვნილი ახალი, ფუტურისტული ქალაქი გაიხსნა. ქალაქს არკადაღი ჰქვია, რაც თურქმენულად „მფარველს“ ნიშნავს. ეს კი ქვეყანაში გავრცელებული ყოფილი პრეზიდენტის არაოფიციალური ტიტულია, რომლითაც ადგილობრივი მედია მოიხსენიებდა ბერდიმუჰამედოვს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მშენებლობისთვის $3,3 მილიარდი დაიხარჯა და მომდევნო რამდენიმე წელიწადში ამდენივეს დახარჯვას აპირებენ. არკადაღში ყველა შენობა თეთრი, ხოლო ყველა კორპუსი შვიდსართულიანია, რამდენადაც ეს რიცხვი იღბლიანად ითვლება. ქალაქი 73 000 მოსახლეზეა გათვლილი.
ქალაქი სამხრეთ თურქმენეთში ბერდიმუჰამედოვის მშობლიურ სოფელთან ახლოს აშენდა. არკადაღში, რომელსაც „ჭკვიან“ ქალაქად მოიხსენიებენ, გადაადგილება მხოლოდ ელექტრომობილებითაა დაშვებული. ქალაქში პრეზიდენტისადმი მიძღვნილი მონუმენტია განთავსებული, ასევე ერთ-ერთი ძეგლი თურქმენული ცხენის ჯიშს, ახალ-თეკეს მიეძღვნა.
ქალაქის გახსნის ცერემონიას, რომელსაც უცხოელი ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, თურქმენეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი კურირებდა. უცხოელმა პარტნიორებმა საჩუქრები გადასცეს, რომელთა შორის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გამოგზავნილი ელექტრომობილიც იყო. თავად გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, რომელსაც ქალაქის გახსნის დღეს 66 წელი შეუსრულდა, ცერემონიას არ დასწრებია, რადგან მექაში მუსლიმური დღესასწაულის აღსანიშნავად იმყოფებოდა.
უფროსი ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში მართავდა. 2022 წელს კი მმართველობა მისმა შვილმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გადაიბარა. თუმცა, როგორც სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი მრავალ უფლებამოსილებას ინარჩუნებს.