
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი რეგიონში 4-წლიან მისიას ასრულებს. მას როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეუდგება.
სებასტიან მოლინეუსი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს 2019 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე და მადლობას უხდის ქვეყნის მოსახლეობას გულითადი მასპინძლობისთვის, პარტნიორებს კი - ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში. ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5 000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.
აღსანიშნავია, რომ სებასტიან მოლინეუსი ივლისიდან ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გააგრძელებს მუშაობას ინფრასტრუქტურის გლობალური ჯგუფის სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მომავალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს, ამჟამად ის მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში.
პრაისი მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. ის ბანკს წარმოადგენდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ისევე როგორც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე. როლანდ პრაისი ახდენდა სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე ის იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.