ისრაელში ცოლ-ქმარი ბენ გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა vesty.co.il-ის თანახმად, დაკავებული მამაკაცი აეროპორტის მართვის სისტემაში მუშაობდა. ბრალდების მიხედვით, მან საქართველოდან ჩასული მგზავრები, მეუღლესთან ერთად, ტერმინალიდან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის გვერდის ავლით გაიყვანა და ამისთვის $10 000 აიღო.
ეჭვმიტანილები პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცნენ, რის გამოც, სამართალდამცავებმა მათზე ფარული თვალთვალი დაიწყეს.
საქართველოდან ჩასვლისთანავე არალეგალი ემიგრანტები აეროპორტის სამსახურებრივ ტერიტორიაზე ტუალეტში შეიყვანეს. იქ მათ სახმელეთო პერსონალის სამუშაო ფორმები ჩააცვეს და მისცეს საშვები, რომელზეც წვდომა ეჭვმიტანილ მამაკაცს ჰქონდა. ემიგრანტებმა სამსახურებრივი გასასვლელი გაიარეს და დანიშნულების ადგილზე მისასვლელად მანქანისკენ გაემართნენ. ეჭვმიტანილი სწორედ ამ მომენტში დააკავეს. ჩხრეკისას მას დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა აღმოაჩნდა.