LIVE

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა - TI

27 ივნ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა - TI

საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა. საქართველოსგან განსხვავებით, მონიტორინგში მონაწილეობს უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და მონღოლეთი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანი ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაა.

მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მე-5 რაუნდის ფარგლებში, მიმდინარე წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა: 

- ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; 

- კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება; 

- სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება; 

- მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.

"ამ მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს.

"ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა.

საყურადღებოა, რომ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც. საქართველოს მთავრობას OECD/ACN-ის პროცესის დატოვების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც", - ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN).