LIVE

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO საქართველოს სურსათის კონტროლის სისტემას შეაფასებს

26 ივნ 202315:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 733

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სურსათის კონტროლის სისტემა შეფასდება.

როგორც FAO საქართველოს პოლიტიკის მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის სიღრმისეული შეფასება FAO-სა და WHO-ს ერთობლივი ძალისხმევით მოხდება.

უფრო კონკრეტულად, გაანალიზდება არსებული მოცემულობა, საკანონმდებლო სივრცე, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და განისაზღვრება ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად საჭირო მიმართულებები.

"ფაქტობრივად ყველა კომპონენტში საკმაოდ სიღრმისეულად განხორციელდება სისტემის შეფასება, რამაც ქვეყანას უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ პირველ რიგში, იდენტიფიცირებული იქნას სურსათის კონტროლის მიმართულებით არსებული სიტუაცია და შემდგომ, გაუმჯობესების მიზნით, უნდა შემუშავდეს გარკვეული გეგმა. საბოლოო ჯამში, ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს სარეკომენდაციო პაკეტის შექმნას, რის მიხედვითაც მოხდება იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა სურსათის ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

ცნობისთვის, FAO საქართველო აგრარულ კომიტეტთან ერთად აქტიურად მუშაობდა "სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და შეწირულობის შესახებ" კანონზეც, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. აღნიშნული კანონის მიხედვით, რითეილ სექტორს დონაციის მეშვეობით არამალფუჭებადი, ვადასთან მიახლოებული, ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქცია შეუძლია, სურსათის ბანკსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს. საბოლოოდ კი, სხვადასხვა რეგიონში სოციალურად დაუცველ პირებზე გადანაწილდება.