LIVE

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ შეამოწმებს

26 ივნ 202312:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ შეამოწმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ შემოწმდება.

სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“,- აცხადებენ სააგენტოში.

შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა. 6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. 9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, რამდენადაც დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება.