LIVE

ხელოვნური ინტელექტი ღვინოს შეგარჩევინებთ - AI აპლიკაცია

02 ივლ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
ხელოვნური ინტელექტი ღვინოს შეგარჩევინებთ - AI აპლიკაცია

მართალია ხელოვნურ ინტელექტს (AI) გემოსა და სუნის შეგრძნება ჯერ არ შეუძლია, თუმცა სულ უფრო მეტად ეხმარება ადამიანებს, არჩევანი კარგ ღვინოზე გააკეთონ.

AI-ის ​ღვინის სარეკომენდაციო აპლიკაციის, Sippd-ის დამფუძნებელი ბლეიკ ჰერში ამბობს, რომ პროექტის შექმნის იდეა პრაქტიკული გამოცდილებიდან გაჩნდა. კერძოდ, როდესაც ცდილობდა მეგობრების შეკრებისთვის კარგი ღვინო ეყიდა და ამ მიზნით, ტელეფონით საკუთარი ცოლს რჩევებსაც ეკითხებოდა, გააცნობიერა რომ ადამიანებს უფრო მარტივი, მოქნილი გზა სჭირდებათ, რათა რესტორანში თუ სუპერმარკეტში სასურველი ღვინის შეძენა შეძლონ.

მისივე თქმით, მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, სხვადასხვა სპეციალური ტერმინით სავსე ღვინის დიდი სიების გადაფურცვლის პროცესი საკმაოდ რთული და დამღლელია. ამასთან, საბოლოოდ შეიძლება მომხმარებელს არჩევანის გაკეთება მაინც გაუჭირდეს და პერსონალს სთხოვოს რეკომენდაცია. ამ პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა Sippd-ის აპლიკაციაც, რომელიც ღვინის შერჩევისას, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

უფრო ზუსტად, აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელი უთითებს თავისთვის სასურველ ღვინის ფერს, მჟავიანობას, გემოს, სიტკბოსა და ფასს; ასევე ბოთლის ვიზუალს. ამის შემდეგ კი, აპლიკაციის AI პროგრამული უზრუნველყოფა კონკრეტულ მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ვარიანტებს სთავაზობს. ბლეიკ ჰერშის თქმით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს საუკეთესო არჩევანის გაკეთებას უმარტივებს.

ამჟამად, უფასო აპლიკაცია მხოლოდ აშშ-ია ხელმისაწვდომი და მას დაახლოებით 100 000 მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ამ ინოვაციური იდეის ავტორი ამერიკა არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2020 წელს ნორვეგიაში, ტექნოლოგიურმა მეწარმემ, ნიკოლას ბენცმა ხელოვნური ინტელექტის მქონე ღვინის სარეკომენდაციო აპლიკაციის, FinpåVin-ის პირველი ვერსია გამოუშვა. აპლიკაცია ამჟამად მხოლოდ ნორვეგიის ალკოჰოლის სახელმწიფო მაღაზიებში გასაყიდ ღვინოებზე მუშაობს, თუმცა კომპანია სხვა ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს. როგორც ბენცი ამბობს, ამჟამად იგი ხელოვნური ინტელექტის ალაპარაკებაზეც მუშაობს, რათა AI-მა ღვინოზე თავისუფლად საუბარიც შეძლოს.