LIVE

"ზოგიერთ მგზავრს ფრენაზე აგვიანდება" - შემოვლითი გზა დატვირთვას ვერ უძლებს

23 ივნ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
"ზოგიერთ მგზავრს ფრენაზე აგვიანდება" - შემოვლითი გზა დატვირთვას ვერ უძლებს

რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი პრობლემების გამო, მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში დროულად ჩასვლის პრობლემა ექმნებათ. ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გადაადგილების შეფერხების გამო, მგზავრები რეისზე აგვიანებენ.

ავტომობილებისთვის რიკოთზე გადაადგილება საღამოს საათებში შეზღუდულია, საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზა კი მარშრუტს განსაკუთრებით აგრძელებს. როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები "ბიზნეს ფორმულას" უყვებიან, ჭიათურიდან ზესტაფონამდე გზა გამართული არ არის და ამასთან, დიდ დატვირთვას ვერ უძლებს.

"ზოგიერთ მგზავრს ფრენაზე აგვიანდება, გზა ისე გვიგრძელდება 3 საათიც კი გვჭირდება ხოლმე, შემოვლითი გზა დატვირთვას ვერ უძლებს. რიკოთის პრობლემა რომ გაჩნდა, მაშინვე უნდა მოეწესრიგებინათ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე.

რიკოთზე გადაადგილება ამ მომენტისთვის აღდგენილია, თუმცა კვლავაც მოქმედებს სპეციალური საათობრივი რეჟიმი. კერძოდ, დილის 07:00 საათიდან მოძრაობა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა შესაძლებელი, ხოლო 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე აგრძელებენ. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, მათი გადაადგილება 19:00 საათის შემდეგ არის დაშვებული.