LIVE

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა $1.6 ტრილიონი იზარალეს

05 მარ 202123:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
ტექნოლოგიურმა კომპანიებმა $1.6 ტრილიონი იზარალეს
Michael Nagle/Bloomberg

ზედიზედ მესამე კვირაა, Nasdaq 100-ის ინდექსი ეცემა, რამაც ტექნოლოგიურ კომპანიებს 1.6 ტრილიონი დოლარი დააკარგვინა.

პარასკევს ინდექსი 2%-ით დაეცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, კვირის განმავლობაში კი ვარდნა 5%-ს აღწევს, რაც ყველაზე მკვეთრი შემცირებაა გასული წლის სექტემბრის შემდეგ. მიზეზი აშშ სახაზინო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდაა, რასაც თან ერთვის ინფლაციის დონის ზრდის მოლოდინი. შედეგად, ინვესტორებმა, უფრო მაღალი მოგების მიღების მიზნით, ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ზურგი აქციეს და ისეთ სექტორებს მიაშურეს, რომლებიც საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად მეტ სარგებელს ნახავენ. მათ შორის მოიაზრებიან ბანკები და ენერგეტიკული კომპანიები.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმალური პროცესია, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ისედაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ზრდის განუხრელ ტენდენციას.

"საპროცენტო განაკვეთების ზრდა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულებას ამცირებს, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან მათი ღირებულება ისედაც გადაჭარბებული იყო. შეუძლებელია ეს ღირებულება სულ ზევით მიდიოდეს," განაცხადა Miller, Tabak + Co.-ს მთავარმა სტრატეგისტმა, მეთ მალიმ.

"ტექნოლოგიური სექტორი ათწლეულის განმავლობაში ლიდერობდა და ფაქტია, რომ ასეთი ზრდის შემდეგ, ყველაზე მეტი რესურსი, დათმოს გარკვეული პოზიციები, სწორედ მას აქვს. განსაკუთრებით კი ახლა, როცა ინვესტორებს ინფლაცია აშფოთებთ," მიიჩნევს რენდი ფრედერიკი, Charles Schwab-ის ვიცე-პრეზიდენტი.

BTIG-ის კაპიტალისა და დერივატივების სტრატეგისტი, ჯულიან ემანუელი კი ამბობს, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ბოლოდროინდელი ვარდნა ერთგვარი ტრანზიციის ნაწილია - ზრდიდან ღირებულებაზე. მისი პროგნოზით, ინვესტორები მიმდინარე წელს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ვიდრე ზრდის ტემპს, რაც იმას ნიშნავს, რომ Nasdaq 100 უფრო მეტად იქნება თანხვედრაში ბაზრის რეალურ კონიუნქტურასთან.

Nasdaq 100-ის ინდექსში შემავალი კომპანიებიდან გასული სამი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Okta და DocuSign დაზარალდნენ, თითოეული მათგანის ღირებულება 20%-ით დაეცა. ასევე დაეცა Tesla-ს და Peloton Interactive-ის აქციებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს აქტიურად ყიდიან, მათი ღირებულება მაინც საშუალოზე მაღალია. Nasdaq 100-ის ღირებულების შეფარდება შემოსავლიანობასთან 26-ს უტოლდება, რაც ხუთ წლიან საშუალო მაჩვენებელს (21) აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსმა, რომელიც 100 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, გარდა ფინანსური სექტორისა, გასულ წელს თითქმის 50%-იანი ზრდა აჩვენა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატრინა ლუისი და რაიან ვლასტელიცა