
ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი მილიარდერი, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს რინგზე შეებრძოლონ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ Twitter-ის ანალოგის შექმნით მარკ ცუკერბერგს სხვა სოციალური ქსელების გაკონტროლება სურს. საუბარია Meta-ს ახალ სერვისზე, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს საკუთარი პირადი ანგარიშების თვალყურის დევნება შეეძლებათ. მასკი წერს, რომ "ის დარწმუნებულია, დედამიწა სულმოუთქმელად ელოდება ცუკერბერგის ერთპიროვნულ კონტროლქვეშ ყოფნას". მის ამ პოსტს კი, უცნობი მომხმარებელი გამოეხმაურა და კომენტარის სახით დაუწერა, რომ მასკი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან Meta-ს ხელმძღვანელი მშვენიერ ფორმაშია, ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშობს და საკმაოდ საშიში პიროვნებაა. საპასუხოდ ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მზადაა მარკ ცუკერბერგს პირდაპირ რინგზე შეებრძოლოს.
პოსტს ძალიან მალე გამოეხმაურა თავად Meta-ს ხელმძღვანელი და მასკის "სქრინშოტს" დააწერა, რომ შეხვედრის ადგილი გაუგზავნოს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოკაცია ლას-ვეგასის ოქტაგონი იქნება.
ნამდვილად გაიმართება თუ არა რინგზე შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში 52 წლის ილონ მასკი აღნიშნავს, ცუკერბერგისგან განსხვავებით, ის თითქმის არასდროს ვარჯიშობს, გარდა იმისა, რომ საკუთარ შვილებს ხელში იყვანს.