
40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია ვალდებულებას იღებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაამზადოს და დაასაქმოს 250 000-ზე მეტი ლტოლვილი ევროპაში.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა Tent European Business Summit-ის მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საღამოზე. საერთაშორისო ორგანიზაცია Tent Partnership for Refugees, რომელიც მთავარი კოორდინატორია, ბიზნესების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ლტოლვილთა ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.
წამყვანმა ბრენდები, მათ შორის Adidas-ი, Accenture-ი, Amazon-ი, Hilton-ი, PepsiCo და Starbucks-ი დაასაქმებენ 13 000-ზე მეტ და გადაამზადებენ 86 000-ზე მეტ ლტოლვილს. დამატებით, Accenture, Indeed და Microsoft-ი ვალდებულებას იღებენ, დაახლოებით 40 000 ადამიანი მოამზადონ სამუშაოს დასაწყებად.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად 5.9 მილიონამდე უკრაინელი მოქალაქე იძულებული გახდა, ევროპაში წასულიყო თავშესაფრის საძებნელად.
„ევროპამ უკრაინის მოქალაქეებს მნიშვნელოვანი პირველადი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. თუმცა ახლა მეორე ფაზა იწყება, როდესაც აქ დასახლებული უკრაინელები სამსახურის ძებნას დაიწყებენ და ამ მხრივ სირთულეებს გადაეყრებიან,“ - ამბობს გიდეონ მალცი, Tent Partnership for Refugees-ის აღმასრულებელი დირექტორი.
თუმცა გარდა უკრაინელებისა, ევროპაში მილიონობით ლტოლვილია სირიიდან, სუდანიდან და ავღანეთიდან.