
გერმანიის მოსახლეობა გასულ წელს 1.3%-ით გაიზარდა და 84.4 მილიონ ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის რაოდენობის ასეთი მაღალი წლიური ზრდა ქვეყანას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონია.
გერმანიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 1.12 მილიონი ადამიანით ზრდა მხოლოდ გერმანიაში შესული უცხოელების გამოა. მატების მთავარი საფუძველი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში მიგრანტების რეკორდული რაოდენობით შედინება გახდა. გასულ წელს გერმანიაში წმინდა იმიგრაციამ 1.46 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წელს ეს რიცხვი 329 000 იყო.
როგორც გასულ წლებში, ისე 2022 წელს, გერმანიაში სიკვდილიანობა შობადობის მაჩვენებელზე მეტი იყო. კერძოდ, სიკვდილიანობამ შობადობას 327 000-ით გადაუსწრო.
აღსანიშნავია პრობლემები, რომლებიც გერმანიას დემოგრაფიის მიმართულებით აქვს. საქმე ისაა, რომ იმიგრანტების გარეშე, რომლებიც ქვეყნის მთავარ სამუშო ძალას ქმნიან, გერმანიის ეკონომიკას ზრდის სირთულე ექნებოდა.
გერმანიამ 2014-2015 წლებში 1 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო, ხოლო გასულ წელს გერმანიაში უკრაინელთა რიცხვი ექვსჯერ გაიზარდა.