LIVE

ქართული კომპანიების ნაწილმა დასაქმებულები ჰიბრიდულ მოდელზე დატოვა

19 ივნ 202314:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 702

პანდემიის შემდეგ არა ერთმა კომპანიამ, დაწყებული კომერციული ბანკებიდან დამთავრებული სადაზღვევო კომპანიებით, დასაქმებულებისთვის ჰიბრიდული სამუშაო მოდელი დატოვა. შესაბამისად, ისინი სამუშაო დროის ნაწილს ოფისში, ნაწილს კი მათთვის სასურველ გარემოში ატარებენ.

დამსაქმებლების ნაწილმა გადაწყვეტილება კადრების გამოკითხვის საფუძველზე მიიღო. ამასთან, ბევრმა კომპანიამ კონცეფციის დონეზე შეცვალა მიდგომა და მაგალითად, მოაწყო ისეთი ოფისი, სადაც მოსასვენებელი სივრცეები მრავლადაა.

კომპანიებში აღნიშნული ცვლილებები მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ გლობალურად ჰიბრიდული მუშაობის ტენდენცია დარჩა, შესაბამისად, მათი სურვილიც იყო, რომ ადამიანებს ნაკლებად ეგრძნოთ პანდემიის შემდეგ ჩავარდნა და ამიტომ, ახალ რეალობას მოერგნენ.

"ჩვენ კონცეფციის დონეზე შევცვალეთ კომპანიის გარემო, თანამშრომლები ახალ ოფისში გადმოვიყვანეთ, სადაც მუშაობასთან ერთა დასასვენებელი გარემოც შევუქმენით. გამოჩნდა, რომ ეს დადებითად აისახა სამუშაოს შესრულების ეფექტურობაზე," - განაცხადა "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა, თეონა გოდერიძემ "ბიზნეს ფორმულასთან". 

კომპანიებში ადასტურებენ, რომ თავისუფალ არჩევანს, თუ როგორი გარემოდან იმუშავებენ დასაქმებულები, კადრების ნაყოფიერებაზე გავლენა არ მოუხდენია, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, სტიმულიც კი აღმოჩნდა. 

"დღემდე ასე ვმუშაობთ, ჩვენ თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა რომ კვირაში ერთი დღე მათთვის სასურველი გარემოდან იმუშაონ, ან პირობითად ეს დღეები დააგროვონ და მთელი კვირით გაეთავისუფლონ სასურველი ადგილიდან სამუშაოდ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, ხატია ქირია.  

ბოლო პერიოდში გლობალურად არა ერთი კვლევა ჩატარდა იმის შესაფასებლად, თუ როგორ აისახა ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი დასაქმებულებზე ან რატომ არ სურთ ადამიანებს სრული დატვირთვით ოფისებიდან მუშაობა. Market live pulse-ის კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც გლობალურად 1 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს, მხოლოდ 20%-ს ჰქონდა სურვილი ოფისიდან სრული დატვირთვით მუშაობის.