
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მინიმალურ ხელფასად საათში 23.9 შვეიცარიული ფრანკი განისაზღვრა, რაც დაახლოებით 26.74 აშშ დოლარია. 23 ფრანკის ოდენობის მინიმალური ხელფასი დადგინდა ქალაქ ვინტერტურში.
შვეიცარიის ოცდაექვსი ადმინისტრაციული ერთეულიდან ხუთში მინიმალური ხელფასი უკვე მოქმედებდა და საათში 19 - 24 ფრანკის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, აქამდე ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი, რომელიც 24 ფრანკს წარმოადგენდა, ჟენევაში იყო დაწესებული. ახალი ინიციატივით კი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 69.4%-მა დაუჭირა, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ციურიხში იქნება.
ტრადიციულად, შვეიცარიაში კოლექტიური შეთანხმებით დგინდება ანაზღაურება, შვებულების დღეები და საპენსიო ასაკიც კი. ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ 2014 წელს იყო მსგავსი ინიციატივა, რომელსაც მინიმალურ ხელფასად საათში 22 ფრანკი უნდა განესაზღვრა, თუმცა აღნიშნულს მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა.