
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ავტოსადგომი გაფართოვდება და 600-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 20 000 კვადრატულ მეტრზე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთან ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტი მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება-მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება-მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და არსებულის ანალოგიური დეკორატიული ღობის მოწყობას.
"ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600-მდე გაიზრდება. გვსურს მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე, ავტოსადგომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს",- ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტში 3.5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს.
ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.