LIVE

ბიონსეს კონცერტმა შვედეთში ინფლაცია დააჩქარა

16 ივნ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
ბიონსეს კონცერტმა შვედეთში ინფლაცია დააჩქარა

გასულ თვეს ბიონსეს კონცერტმა შვედეთში სასტუმროებსა და რესტორნებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტატისტიკაზე აისახა. კერძოდ, მაისში ინფლაციის მოსალოდნელ 9.4%-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და 9.7% შეადგინა. 

Danske Bank-ის ეკონომისტი მაიკლ გრანი აცხადებს, რომ ინფლაციის ამ მაჩვენებლის დაფიქსირება მხოლოდ კონცერტით შექმნილი აჟიოტაჟით არაა გამოწვეული. თუმცაღა მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილმა მოთხოვნამ, დასწრებოდა მომღერლის კონცერტს სტოკჰოლმში, გარკვეული გავლენა მაინც იქონია.

მსოფლიო დონის მომღერალმა ბიონსემ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნე შვედეთში დაიწყო. სტოკჰოლმის კონცერტებმა, რომლებსაც 2 დღის განმავლობაში, 46 000 მაყურებელი დაესწრო, მომღერლის ფანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოიზიდა. განსაკუთრებით კი ამერიკიდან, რამდენადაც ამერიკული დოლარი შვედურ კრონასთან შედარებით მყარია.

ბიონსეს ტურნეს დაწყებას უკვე განიხილავენ ეკონომიკურ მოვლენად. ვარაუდობენ, რომ ტურნე დასასრულისთვის £2 მილიარდს მოიტანს. 

ასევე, ბინების გაქირავების საერთაშორისო პლატფორმა Airbnb აცხადებს, რომ იმ ქალაქებში, სადაც ტურნე იმართება ბინების ძებნის სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა. 

ტურისტულმა საინფორმაციო პლატფორმამ Visit Stockholm გასულ თვეს Washington Post-თვის მიწერილ წერილში ქალაქის ტურიზმის ბუმს "ბიონსეს ეფექტი" უწოდა.

ეკონომისტ მაიკლ გრანის თქმით, იშვიათია, რომ ერთმა ვარსკვლავმა ასეთი გავლენა გამოიწვიოს და დასძენს, რომ მსგავსი ეფექტი დიდ ფეხბურთის ტურნირებს შეიძლება ჰქონოდა. მისი აზრით, ივნისში ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილების ტენდენცია ნორმალურ ტემპს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შვედეთში გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და პიკურ 12.3%-იან მაჩვენებელს დეკემბერში მიაღწია.