საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა.
PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.1%-ით შემცირდა.
ამასთან, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (36.7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი - ქვემო ქართლსა და რაჭაში (0%).
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წლის მაისში სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.4%-ით გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (23.7%), ყველაზე დაბალი კი - თბილისში (2.8%).
2023 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 166 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა კი 270 ლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 124 ლარია.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 409 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 584 ლარი, თბილისში - 515 ლარი, კახეთში - 506 ლარი, ხოლო აჭარაში - 369 ლარი შეადგინა.