
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, ნიუ-იორკს ქალაქის ცენტრში გადაადგილებისთვის მძღოლების დაბეგვრის უფლება მისცეს.
გადასახადი პიკის საათებში 9-დან 23 დოლარამდე იმერყევებს და ის ძალაში მომავალი წლის გაზაფხულიდან შევა.
უფრო ზუსტად, ესაა ცენტრალური უბნების გადასახადის ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მანჰეტენის 60-ე ქუჩის ქვემოთ მიმდინარე საცობს ეხება და იქნება პირველი მსგავსი ტიპის პროგრამა აშშ-ში, რომელიც მოგვიანებით სავარაუდოდ ქვეყნის სხვა ქალაქებსაც შეეხება.
ნაბიჯის მიზეზი ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანზიტის გაუმჯობესების აუცილებლობა გახდა. კერძოდ, მანჰეტენზე, ყოველდღიურად 700 000 მანქანა, ტაქსი და სატვირთო მანქანა გადაადგილდება. ნიუ-იორკელები, ყოველწლიურად, საშუალოდ 117 საათს კარგავენ საცობში ყოფნისას, რაც მათ თითქმის $2 000 უჯდებათ. აღნიშნულს თან ახლავს ფიზიკური და სოციალური ხარჯებიც. ასევე უბედური შემთხვევები, ნახშირბადის გამონაბოლქვი და დაბინძურება. ახალი გადასახადი მიზნად ისახავს, ყოველდღიურად, ე.წ. გადატვირთულ ზონაში მანქანების რაოდენობა მინიმუმ 10%-ით შემცირებას.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის რეგულაცია ნიუ-იორკში ჯერ კიდევ წლების წინ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თავის დროზე გადაიდო. ახლა კი აშშ-ს ფედერალური მთავრობა კანონპროექტს, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს.