
იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიური მედიის თანახმად, მილიარდერი და მედიამაგნატი მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბერლუსკონს უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2020 წელს ის COVID-19-ით დაავადდა და ამის გამო, ბევრჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
აპრილში ის მილანის საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიურ განყოფილებაშია მოათავსეს, სადაც რამდენიმე კვირა გაატარა. საავადმყოფოში დაბრუნება მას გასულ კვირას ისევ მოუწია.
ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრი სამჯერ გახდა, პირველად თანამდებობა 1994 წელს დაიკავა. 2011 წლამდე ის ქვეყანას ჯამში 9 წელი მართავდა.
ბერლუსკონი იყო მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია Forza Italia-ს ლიდერი. პარტია იტალიის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციის ნაწილია.
ბერლუსკონი იტალიის უმსხვილესი კომერციული მაუწყებლის Mediaset-ის საკონტროლო პაკეტს ფლობდა. 2023 წლის ივნისში მისი ქონება დაახლოებით $7 მილიარდად იყო შეფასებული. 1986 წლიდან 2017 წლამდე ბერლუსკონი ასევე ფლობდა იტალიურ საფეხბურთო კლუბ Milan-ს.