LIVE

CEPA: Nord Stream-ის ბალკანური ვარიანტი

05 მარ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
CEPA: Nord Stream-ის ბალკანური ვარიანტი
REUTERS/ Stoyan Nenov

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (CEPA) რუსეთის მორიგი მილსადენის, TurkStream-ისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს:

Nord Stream 2 არ არის ერთადერთი მილსადენი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნაკლებად ცნობილი TurkStream მოსკოვისთვის აღმოსავლეთ ევროპის მთავრობებზე ბერკეტისა და გავლენის მოპოვების წყაროა. ამ მილსადენს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროექტს მკაფიო მიზანი ქონდა:  უკრაინა ევროპისგან იზოლაციაში მოქცეულიყო, ჩრდილოეთ ნაკადის რეინკარნირება მომხდარიყო და რუსეთს ბალკანეთზე გავლენა გაეზარდა; რუსეთის მოკავშირეებს ბალკანეთის მთავრობებში საკვანძო პოზიციები დაეკავებინათ და დემოკრატიის საფუძვლები შეერყიათ. ამით რუსეთი რეგიონში დასავლური გავლენის დასუსტებას და პროდასავლური ძალების დამხობას, ან სულაც სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობს. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა რუსეთის სტანდარტული პრაქტიკაა, ბულგარეთი ამ მილსადენით წარმოქმნილი პრობლემების კარგი მაგალითია. ჯერ კიდევ 2012 წელს, Foreign Policy-ს ყოფილმა რედაქტორმა, მოისეს ნაიმმა, ბულგარეთი „კრიმინალიზებულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია. ეს კორუფცია ენერგეტიკისა და მედიის სექტორებში რუსეთის გავლენით არის განპირობებული.

თურქული ნაკადი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა და ახლა ფართოვდება, ამ კორუფციის განსახიერებაა. ის რუსულ გაზს თურქეთის გავლით ბულგარეთს, სერბეთსა და უნგრეთს მიაწვდის.  პრემიერ-მინისტრი ბორისოვი ამ მილსადენს TurkStream 2-ად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ბულგარეთს TurkStream-თან არაფერი აკავშირებს, თუმცა, ფაქტია, რომ ბულგარეთი TurkStream-ის სამიზნე მილსადენის ჩანასახიდანვე იყო. იმავდროულად, მისივე თქმით, TurkStream 2-ის საშუალებით ბულგარეთი რუსეთისგან დამოუკიდებლად ევროპისა და აზიისთვის გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ალბათ, ავიწყდება, რომ პრეზიდენტი პუტინი მისი კონკურენტების სასარგებლოდ რუსული აქტივის გამოყენებას მხარს არ დაუჭერს.

მოსკოვი მილსადენის პროექტს საკუთარი მარიონეტების მეშვეობით აფინანსებს. შესაბამისად, აშშ-ს მთავრობა აგრძელებდა მილსადენის საწინააღმდეგო სანქციების დაწესებას და ეს სანქციები ბულგარეთსაც ემუქრება. ბულგარეთი ნატო-ს წევრი სახლემწიფოა, თუმცა აშშ-ს პოლიტიკოსებს, შესაძლოა, უფრო ახსოვდეთ, რომ ბორისოვი კომუნისტი მაღალჩინოსანი და ტოდორ ჟივკოვის პირადი დაცვის წევრი იყო.

ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რომ TurkStream-ის ე.წ. ბალკანური ნაკადის განშტოება ევროკავშირის რეგულაციების დაცვით მთლიანად ბულგარეთის დაფინანსებულია, სიმართლე სხვა ფაქტებს გვთავაზობს.

ბულგარეთში ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ აშშ-ს სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსეთი საუდის, ბელორუსული და ევროპული კომპანიების მეშვეობით მუშაობდა, რაც სწორედ იმის დასტურია, რომ მილსადენის მშენებლობისა და დაფინანსების უკან რუსეთი დგას. უფრო მეტიც, მთელი სქემა ჯერ კიდევ მილსადენის მშენებლობის დაწყებამდე, 2019 წელს იყო დაგეგმილი. ეს არ არის მხოლოდ ბულგარეთის კორპორატიული და სამთავრობო სააგენტოების კორუფციის კიდევ ერთი ეპიზოდი. უფრო მეტიც, ეს ასახავს სახელმწიფოს მიტაცებას, ვინაიდან ბალკანეთის ნაკადის მილსადენი, რომელსაც, ასევე, TurkStream 2-ს უწოდებენ, სახელმწიფო პროექტია.

TurkStream - გაზპრომის პროექტია, რომელიც 2040 წლამდე ბულგარეთის გაზის გადაცემის სისტემის 90%-ს დაიკავებს და მნიშვნელოვნად შეზღუდავს გაზის რეგიონალურ ვაჭრობას. ამით რეგიონალური ქსელიდან ამოვარდება ალტერნატიული თხევადი ბუნებრივი გაზი (LNG) და აზერბაიჯანული გაზი, რაც ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ბულგარეთის ოფიციალურ განცხადებას, რომ ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მისთვის პრიორიტეტურია. 

აზერბაიჯანული გაზით გაზმომარაგების დივერსიფიკაციის ნაცვლად TurkStream-ის სასარგებლოდ ბულგარეთის დე ფაქტო არჩევანი, საბოლოოდ სუბსიდირებას გაუწევს რუსეთს და პუტინის ოლიგარქებს. ეს ჩვეულებრივ ხდება რუსული ენერგეტიკული პროექტების შემთხვევაში, რომლებიც ერთი შეხედვით უვნებლად გამოიყურება, მაგრამ ფაქტობრივად მოსკოვისთვის ფარული სუბსიდირების ბერკეტია.  

რუსეთი და მისი მოკავშირეები ბალკანეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში ამ ფულს საკუთარი და ადგილობრივი კორუმპირებული ელიტების ინტერესების გასაძლიერებლად იყენებენ. ეს ქსელები რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას აფართოებენ. ამრიგად, ბულგარეთის კორუფციის რეალობა და პრორუსული ელემენტების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების ნიშნები, ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ ბორისოვის განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2021 წლისთვის ბულგარეთი მთლიანად იქნება რუსული გაზისგან დამოუკიდებელი.

ბულგარეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, რესპუბლიკელების, თავმჯდომარე ცვეტან ცვეტანოვის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი TurkStream-ის გზით ევროპაზე ენერგეტიკურ გავლენას აძლიერებს, ბულგარეთს ენერგორესურსების დივერსიფიკაცია რომ სდომებოდა, IGB-ს მშენებლობას დაასრულებდა, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და ჯერაც დაუსრულებელია.

დასავლეთის ინტერესების, ღირებულებებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ბულგარეთი და ბალკანელები რუსეთის სამიზნეა. ვაშინგტონი ამას კარგად ხედავს და ბულგარეთი, როგორც ტრამპის, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციების დროს, გააფრთხილა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელების შემთხევაში, ბულგარეთს სანქციები ემუქრება. მოკავშირეების მიმართ, მითუმეტეს როდესაც ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, სანქციების დაწესება არასასიამოვნო და სარისკოცაა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტის ჩათვლით, კარგად იცნობს ბალკანეთს და რუსულ გამბიტებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ სანქციების ძალით იმუქრება, ახლა, როდესაც ენერგეტიკულ სფეროში მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, ცვლილებებია გაზის ბაზარზე და ბალკანეთის ბაზარზე გამოჩნდა აზერბაიჯანული გაზი,  ადმინისტრაციას რეალური შესაძლებლობა აქვს, დაუპირისპირდეს რუსეთის ენერგეტიკულ გამოწვევას ბულგარეთში და ზოგადად ბალკანეთში.

ადმინისტრაციამ, რომელიც მოკავშირეებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, უნდა გამოიყენოს ბალკანეთში არსებული მრავალი შესაძლებლობა და რუსეთის გამოწვევას დაუპირისპირდეს. იმის გათვალისწიენბით, რომ TurkStream დასასრულს უახლოვდება, ბაიდენის ადმინისტრაციამ არ უნდა გაუშვას ეს შესაძლებლობა და TurkStream-ს ისევე უნდა დაუპირისპირდეს, როგორც ეს Nord Stream 2-ის შემთხვევაში გააკეთა.