LIVE

რეკორდულ თანხად გაყიდული ყალბი Speedmaster - Omega თანამშრომლებზე ეჭვობს

07 ივნ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 530
რეკორდულ თანხად გაყიდული ყალბი Speedmaster - Omega თანამშრომლებზე ეჭვობს
შვეიცარიული საათების მწარმოებელი Omega ვარაუდობს, რომ ყალბი Speedmaster-ის 3 მილიონ დოლარად გაყიდვის კრიმინალურ გარიგებაში კომპანიის სამი ყოფილი თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. 
 
ვითომ 1957 წლის Omega Speedmaster ფართო ისრებით, სინამდვილეში გაყალბებული მოდელი აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად სხვა ვინტაჟური საათების ავთენტური ნაწილებით იყო აწყობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წლის ნოემბერში Phillips-ის აუქციონზე 3.1 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა ($3.3 მლნ), როგორც ავთენტური და ვინტაჟური Omega Speedmaster. საინტერესოა, რომ ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ამ მოდელში ვინმეს ოდესმე გადაუხდია, თუმცა ბედის ირონიაა, რომ თანხა გაყალბებულ საათში გადაიხადეს და კიდევ უფრო ირონიულია ის, რომ საათი აუქციონზე თავად Omega-მ შეისყიდა. 
 
აღსანიშნავია, რომ Speedmaster-ი Omega-ს საათებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, Seamaster-თან ერთად. თავად Omega კი სიდიდით მესამე შვეიცარიული საათების მწარმოებელია.
 
ახლა კომპანიას ეჭვი აქვს, რომ თაღლითურ გარიგებაში Omega-ს მუზეუმის და ბრენდის მემკვიდრეობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისოდ აღიარებული საათების მწარმოებელი ირწმუნება, რომ ყოფილი თანამშრომლები შუამავლებთან ერთად მოქმედებდნენ და ყალბი საათი Omega-ს მუზეუმისთვის შეისყიდეს, გადაწყვეტილება კი კომპანიის მენეჯმენტს იმით დაუსაბუთეს, რომ ეს "იშვიათი და გამორჩეული მოდელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი Omega-ს სამუზეუმო კოლექციაში". 
 
საბოლოოდ, საათი კარგად გაყალბებული ვარიანტი აღმოჩნდა და კომპანია ფიქრობს, რომ ყოფილი თანამშრომლები უშუალოდ აწყობის პროცესშიც ჩართულები იყვნენ, თუმცა კომპანიამ ჯერ არ იცის, ვინ მიჰყიდა საათი Phillips-ს აუქციონზე გასატანად. თავად აუქციონი აცხადებს, რომ სელერის ვინაობას ამ ეტაპზე კონფიდენციალობის წესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს, თუმცა თუ საგამოძიებო უწყებებისგან მიიღებს შესაბამის მოთხოვნას - მის ვინაობას აღარ დამალავს.
 
აუქციონის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ როდესაც საათი გასაყიდად მიიღეს და Omega-სთან არქივის გადასამოწმებლად მივიდნენ, კრიმინალურ ქმედებაზე ეჭვი არ წარმოშობილა, რადგან აუქციონების სახლმა მწარმოებლისგან და მისი თანამშრომლებისგან დასტური მიიღო მოდელის შექმნის თარიღთან, სერიულ ნომერთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, Phillips ირწმუნება, რომ აუქციონამდე საათი ნახეს კოლექტორებმა, მცოდნეებმა და ექსპერტებმა ლონდონში, სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ნიუ იორკში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც ჩანს, საათის გაყალბებაზე ნამდვილად მცოდნეებმა იმუშავეს. 
 
ეს სკანდალი კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის, თუ რა ოსტატურად მოქმედებენ გამყალბებლები ვინტაჟური საათების ბაზარზე. ისინი ქმნიან ყალბ მოდელებს, ან მოდიფიცირებულ ვინტაჟურ საათებს, საბოლოოდ კი ეს მოდელები უზარმაზარი ღირებულებით იყიდება მეორად ბაზარზე, ან აუქციონზე. საათების კოლექციონერები მილიონებს იხდიან კონკრეტულ ვინტაჟურ მოდელებში, რაც კარგად იციან თაღლითებმაც და როგორც ჩანს, გზებსაც პოულობენ ყველას, მათ შორის პრესტიჟული აუქციონების, ან თავად მწარმოებლების გასაცურებლადაც კი.