
გამოცემა Forbes-ი ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი ამერიკელი ქალების სიას აქვეყნებს. მათი ქონების მთლიანი რაოდენობა $10,8 მილიარდს აჭარბებს. სიაში არიან ყველასთვის ცნობილი შემსრულებლები, მსახიობები და პროდიუსერები.
სიას უპირობო ლიდერი ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მსახიობი ოპრა უინფრია, რომლის ქონების საერთო ღირებულება $2.5 მილიარდს აჭარბებს. მისი ქონების ნაწილი მოიცავს 13-მდე მსხვილ უძრავ ქონებას ჰავაიზე, კალიფორნიასა და ვაიმონგში, რომლებსაც წლის დასაწყისში კიდევ ერთი, 6.6 მილიონი დოლარის ღირებულების 900 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაემატა.
სიის გამორჩეული წევრები არიან მომღერლები - რიანა, ბიონსე და ტეილორ სვიფტი. სამივე შემსრულებელმა გასულ წელს თავიანთი ქონების ზრდასთან ერთად, რეკორდსმენის ტიტულებიც მოიპოვეს. რიანა Super Bowl Halftime Show-ზე 121 მილიონი მაყურებლის წინაშე გამოვიდა, რასაც Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ონლაინ ნახვა აქვს. თუმცა მომღერლის $1.4 მილიარდიანი ქონების უდიდესი წილი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ს მოგებიდან მოდის.
რაც შეეხება ბიონსეს, ის რეკორდული რაოდენობის Grammy-ს ჯილდოს მფლობელია. 32-ე ჯილდო თავისი მე-7 სტუდიური ალბომის, Renaissance-თვის დაიმსახურა. მისი $540 მილიონიანი ქონება მუსიკიდან გამომუშავებული შემოსავლების გარდა, მოიცავს ტანსაცმლის ხაზს Ivy Park-სა და $200 მილიონიან სახლს მალიბუში, რომელსაც ქმართან, ასევე ცნობილ შემსრულებელ Jay Z-თან ერთად ფლობს.
ტეილორ სვიფტმა კი რეკორდი Ticketmaster-ზე დღეში კონცერტის 2 მილიონზე მეტი ბილეთის გაყიდვით დაამყარა. მისი ქონება $170 მილიონით გაიზარდა, რაც ახალი ალბომის გამოშვებამ და ტურნეს დაწყებამ გამოიწვია.
წლევანდელ ამერიკელი თვითშემდგარი ქალი მილიარდერების სიას გამორჩეული ახალბედა წევრი ჰყავს - შონდა რაიმსი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი. მას განსაკუთრებული წარმატება სერიალებმა Grey's Anatomy და Scandal-მა მოუტანა. ბოლო დროს განსაკუთრებული წარმატება კი, Netflix-ის სერიალებმა Bridgerton და Inventing Anna-მ განაპირობეს. რაიმსის ქონებამ გასულ წელს $250 მილიონი შეადგინა.
სიის ერთადერთი სპორტსმენი წევრი სერენა უილიამსია თავისი $290 მილიონიანი ქონებით. მან კარიერა გასული წლის აგვისტოში დაასრულა, თუმცა მის მიერ გამომუშავებული $95 მილიონი დოლარი ორჯერ აღემატება ნებისმიერი სხვა სპორტსმენი ქალის შემოსავლებს. უილიამსი ფლობს საინვესტიციო კომპანია Serena Ventures და თანადამფუძნებელია კომპანიის Will Perform, რომელიც ყიდის გამაჯანსაღებელ პროდუქტებს სპორტსმენებისთვის.
Forbes-ის ტოპ 15 თვითშემდგარი ამერიკელი მილიარდერი ვარსკვლავი ქალის სია ასე გამოიყურება:
1. ოპრა უინფრი | ქონება: $2.5 მილიარდი
2. რიანა | ქონება: $1.4 მილიარდი
3. კიმ კარდაშიანია | ქონება: $1.2 მილიარდი
4. ტეილორ სვიფტი | ქონება: $740 მილიონი
5. კაილი ჯენერი | ქონება: $680 მილიონი
6. მადონა | ქონება: $580 მილიონი
7. ბიონსე | ქონება: $540 მილიონი
8. სელინ დიონი | ქონება: $480 მილიონი
9. ჯუდი შეინდლინი | ქონება: $480 მილიონი
10. დოლი პარტონი | ქონება: $440 მილიონი
11. რიზ ვიზერსპუნი | ქონება: $440 მილიონი
12. ბარბარა სტრეიზანდი| ქონება: $430 მილიონი
13. ელენ დეჯენერესი| ქონება: $380 მილიონი
14. სერენა უილიამსი| ქონება: $290 მილიონი
15. შონდა რაიმსი | ქონება: $250 მილიონი