
გასულ წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა“ ელექტრომომარაგების გამორთვის სიხშირე და ხანგრძლივობა გააუარესეს.
კერძოდ, 2022 წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით გააუარესა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ გასულ წელს 67%-ით გააუარესა SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი.
„კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 6 მარტის №133 ბრძანებით შექმნილმა „ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები, საიდანაც დაადგინა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2022 წელს გააუარესა SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით და SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი - 67%-ით, ხოლო სს „თელასმა“ SAIDI-ს მაჩვენებელი გააუარესა 15%-ით და SAIFI-ს - 1,7%-ით“, - აღნიშნულია სემეკის ანგარიშში.
მარეგულირებლის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) 2021 წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27,8%-ით გაიზარდა.
მზარდია ელექტროენერგიის შიდა მოხმარება. კერძოდ, 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 4.5%-ით იზრდება. აღსანიშნავი, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 2021 წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა.
ელექტროენერგეტიკის ბაზრის სხვა მაჩვენებლები ასეთია:
• პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2021 წელთან შედარებით 4.8%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა;
• აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია 2021 წელთან შედარებით 2.5 %-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 18.7%-ით არის გაზრდილი;
• 2022 წელს თბოელექტროსადგურებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებელს 42%-ით აღემატებოდა;
• 2022 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წელთან შედარებით 23.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 4.8%-ით შემცირდა;
• ელექტროენერგიის ექსპორტი 2021 წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 6.3-ჯერ მეტია;
• საანგარიშო წელს განხორციელდა 3,160 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2021 წლის რაოდენობას 2.7-ჯერ, ხოლო 2020 წლის რაოდენობას 31-ჯერ აღმატებოდა;
• ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4,507.7 მგვტ (ჰიდრო – 3,343.78 მგვტ, თბო - 1,143.2, მგვტ, ქარი - 20.7 მგვტ).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.92 მგვტ.