LIVE

2022 წელს რუსების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილმა პანდემიამდელს გადაუსწრო

06 ივნ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
2022 წელს რუსების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილმა პანდემიამდელს გადაუსწრო

2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში, უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 1 087 257 შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობის 23%-ია. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $891 მილიონი შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული საერთო შემოსავლების 25%-ია.

IDFI აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტზე ინტერესის ზრდა ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს რუსეთზე დამოკიდებულებას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის 1,46 მილიონი შემთხვევა აღირიცხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ, ქვეყანა კვლავ არ ჰქონდა დატოვებული რუსეთის 42 577 მოქალაქეს. 2022 წლის 9 თვის მდგომარეობით, ქვეყანაში დარჩენილი იყო რუსეთის 112 733 მოქალაქე. კვლევაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ IDFI-ის 2022 წლის სრული მონაცემები აღარ მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განმარტა, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული იყო რუსეთის 913 ათასი მოქალაქე (უნიკალური პირი), საიდანაც 866 ათასი უკან გავიდა. აღნიშნული მონაცემების სიზუსტის გადამოწმება, იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო არ გასცემს ოფიციალურ სტატისტიკას, შეუძლებელია.