LIVE

კომპიუტერების მწარმოებლები გაყიდვების გაზრდას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებენ

11 ივნ 202314:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
კომპიუტერების მწარმოებლები გაყიდვების გაზრდას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებენ

ლეპტოპის მწარმოებელი კომპანიები გაყიდვების გაზრდის მიზნით მომხმარებელს სიახლეებს შესთავაზებს. საუბარია OLED გამოსახულების მქონე ლეპტოპების მასშტაბურ წარმოებაზე. OLED-ი ისეთი ტიპის ეკრანია, რომელიც ყველა თანამედროვე სმარტფონში გვხვდება. ის უფრო მკაფიო და ნათელ გამოსახულებას უზრუნველყოფს. სიახლეების დანერგვას აპირებენ ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა: Asus, Lenovo, HP, Dell, Apple და Samsung.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების გაყიდვებმა 2023 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ 29%-ით დაიკლო. უფრო კონკრეტული შედეგები ასეთია:

  • Lenovo: გაყიდვები წლიური კლება 30%
  • HP: -24.2%
  • Dell: -31%
  • Apple: -40.5%
  • Asus: -30.3%

ტაივანში გამართული კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Computex-ზე, ადგილობრივმა კომპანიებმა, როგორებიცაა Asus, Acer, Gigabyte Technology და Micro-Star International, ახალი თაობის ლეპტოპები უკვე წარმოადგინეს.

OLED გამოსახულებას ამჟამინდელ LCD ტექნოლოგიაზე მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს, თუმცა უფრო დიდია მოხმარებული ენერგია და შესაბამისად, მისი ღირებულებაც. ბაზარზე პირველად გამოჩენის შემდგომ, OLED ეკრანი სმარტფონების წარმოებაში სტანდარტად იქცა. სფეროს ექსპერტებს ასეთივე მოლოდინები აქვთ ლეპტოპების შემთხვევაშიც.

Asus-ი OLED გამოსახულების მქონე ლეპტოპების მთლიანი ბაზრის 55%-ს მოიცავს. კომპანიამ ასეთი ტიპის ლეპტოპი პირველად 2 წლის წინ წარადგინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპიუტერების საერთო ბაზარზე OLED გამოსახულების მქონე პროდუქციის წილი სულ რაღაც 3%-ია.

OLED გამოსახულების მქონე ლეპტოპების პოპულარიზებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მისი ღირებულებაა. საერთაშორისო სტატისტიკური ორგანიზაცია International Data Corporation-ის (IDC) მონაცემებით, 40 სანტიმეტრიანი OLED პანელები LCD ეკრანებზე 2.5 ან 3-ჯერ ძვირია. ღირებულების სხვაობა, თავის მხრივ, პროდუქციის საბოლოო ფასზეც აისახება. ასე მაგალითად, Asus Vivobook 15 OLED ვერსიის შემთხვევაში $700-მდე ღირს, LCD ვარიანტი კი $550-ია. IDC-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ OLED ტიპის ეკრანების მასობრივი წარმოება, ისეთი ზომის პროდუქტებისთვის, როგორიც ლეპტოპების ეკრანია, უფრო რთულია. ასევე, უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს მაღალი ხარისხის გამოსახულება და სწრაფი რეაგირების ფუნქცია, შესაბამისად, კომპანიებმა უკვე დაიწყეს ბატარეების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

კიდევ ერთი გარემოება OLED პანელების მქონე ლეპტოპების უფრო მასშტაბურ წარმოებაში, ბაზრის მონოპოლისტური გარემოა. კერძოდ, Samsung-ის შვილობილი კომპანია Samsung Display ლეპტოპებისთვის საჭირო პანელების 99%-ს აწარმოებს. Asus-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ სხვა მიმწოდებელი, როგორებიცაა BOE Technology და LG Display კონკურენციას გაუწევენ და შეძლებენ ბაზარზე ჯანსაღი გარემოს შექმნას.

LG Display უკვე აწარმოებს MiniLED ეკრანებს Apple-თვის, რომლებიც კიდევ უფრო ძვირია. IDC-ის მიხედვით, LG-იმ მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით შესაძლოა დაიწყო OLED პანელების წარმოებაც. თავად Apple გეგმავს MacBook-ის ხაზში OLED პანელების გამოყენებას.

ამჟამად კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიები თავიანთ OLED გამოსახულების ლეპტოპებს ყიდიან როგორც პრემიუმ ხაზს. Asus-ის, Acer-ისა და სხვა ტაივანური კომპანიების გარდა, Samsung Display-ს OLED პანელებს Dell-ი, HP-ი და სხვა კომპანიები იყენებენ.