
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სასოფლო მეურნეობების მიერ გაყიდული პროდუქციის ფასები წინა კვარტალთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა.
მაჩვენებლის წლიური ზრდა კიდევ უფრო მაღალია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, რომელიც სასოფლო მეურნეობების მიერ რეალიზებული პროდუქციის ფასების ცვლილებას ზომავს, წლიურად 6.6%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, ინდექსის წლიურ ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 12.4%-ით მატებამ. აქ მოიაზრება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.
წინა კვარტალთან შედარებით კი, მატება განაპირობა მრავალწლოვანი კულტურების (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.) ღირებულების 8.1%-ით გაზრდამ.