LIVE

სასმელ წყალში მავნე ნივთიერებებზე გავრცელებულ ინფორმაციას GWP არ ადასტურებს

02 ივნ 202312:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
სასმელ წყალში მავნე ნივთიერებებზე გავრცელებულ ინფორმაციას GWP არ ადასტურებს

სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელ წყალში მავნე ნივთიერებებია შერეული, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) არ ადასტურებს. კომპანია აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

GWP-ის განმარტებით, წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. 

„მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს GWP-ის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრო რეგულაციებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ GWP-ის ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად. სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით დაწესებული ნორმების შესაბამისად, რასაც კომპანიის მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიწოდებული სასმელი წყალი მუდმივად აკმაყოფილებს“, - აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.