LIVE

მაისში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის ფასი შემცირდა

01 ივნ 202314:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 523
მაისში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის ფასი შემცირდა

Galt & Taggart-ის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის მაისში მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი თვიურ ჭრილში 42.5%-ით შემცირდა, 0.9%-ით იკლო ნავთობის ფასმა.

ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მაისში, აპრილთან შედარებით, 9.1%-ითაა შემცირებული ხორბლის ფასი.

2023 წლის მაისში ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის, ფეროსილიკონისა და ოქროს გლობალური ფასების დინამიკა ასეთი იყო:

ნავთობი

მაისში, ნავთობის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც ფასები მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილში OPEC-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო. თუმცა, ფასები სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მოლოდინების გამო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნავთობის (Brent) საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $84-ს გაუტოლდება (-15.9% წ/წ) და $86-ს (+2.4% წ/წ) 2024 წელს.

ბუნებრივი აირი

მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. ამასთან, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო. Galt & Taggart-ის შეფასებით, ფასების თანდათანობითი ვარდნა სავარაუდოდ უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბუნებრივი აირის (ევროპა) საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $19-ს გაუტოლდება (-52.9% წ/წ) და $17-ს (-10.5% წ/წ) 2024 წელს.

ამონიუმის ნიტრატი

მაისში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 19.2%-ით შემცირდა. სასუქების ფასებმა შემცირება დაიწყო 2021 წლის ბოლოდან, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი აირის ფასების დაცემით (სასუქის წარმოება საჭიროებს გაზის დიდი რაოდენობით მოხმარებას), მიწოდების გაუმჯობესებული პერსპექტივით და ვაჭრობის გადამისამართებით: რუსეთზე სანქციების გამო დეფიციტის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ბოლო პერიოდში ფასი ეცემა, რადგან რუსულმა ექსპორტმა ევროპიდან (ძირითადად) ჩინეთსა და ინდოეთში გადაინაცვლა.

ხორბალი

მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებების თავიდან აცილებისა და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

მაისში სპილენძის ფასი თვიურად 5%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ის თანახმად, საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილური იყო და მერყეობდა 8,500 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ 2023 წლის პირველ კვარტალში არ შეუწყო ხელი სპილენძის ფასის ზრდას, რაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთ განვითარებულ ეკონომიკაში უძრავი ქონების სექტორების შენელებით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ სპილენძის საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $8,500-ს (-3.7% წ/წ), ხოლო 2024 წელს $8,000-ს (-5.9% წ/წ) გაუტოლდება. 

ფეროსილიკონი

მაისში ჩინურ და ევროპულ ფეროსილიკონზე ფასები შემცირდა, შესაბამისად, 3.9%-ით თ/თ და 7.3%-ით თ/თ. ფეროშენადნობების ფასებმა პიკს მიაღწია 2021 წელს და, დროებითი შემცირების შემდეგ, კვლავ გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს. თუმცა, ერთი მხრივ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის კრიზისისა და ნულოვანი COVID-ის პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ ევროპაში ნეგატიური განწყობების გამო, ფასებმა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო შემცირება. ჩინეთის ეკონომიკის აღდგენას 2023 წელს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ფასების ზრდაზე.

ოქრო

მაისში ოქროს ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია.

ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, საპროცენტო განაკვეთებთან და, შესაბამისად, აშშ დოლართან უარყოფითი კორელაციის გამო, 2023 წელს მოსალოდნელია ოქროს ფასის ზრდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ოქროს საშუალოწლიური ფასი გაუტოლდება $1,900-ს (+5.5% წ/წ), ხოლო 2024 წელს $1,750-ს (-7.9% წ/წ).