LIVE

კანადაში გამაფრთხილებელი წარწერა სიგარეტის თითოეულ ღერზე დაიბეჭდება

02 ივნ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
კანადაში გამაფრთხილებელი წარწერა სიგარეტის თითოეულ ღერზე დაიბეჭდება

კანადა პირველი ქვეყანაა, სადაც მალე სიგარეტის თითოეულ ღერზე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გამაფრთხილებელ წარწერებს დაბეჭდავენ. ახალ შეფუთვებში ყველა სიგარეტზე ცალ-ცალკე იქნება წარწერები: „მოწევა იწვევს კიბოს“, „საწამლავი თითოეულ ნაფაზში“ და სხვა. ახალი წესი შეეხება სიგარეტს, სიგარას, სიგარელასა და თამბაქოს სხვა პროდუქტებს.

კანადის ჯანდაცვის ორგანოს მიხედვით, რეგულაციის აღსრულება პირველ აგვისტოს დაიწყება. ეს ნაბიჯი კანადაში სიგარეტის მოხმარების შემცირების გეგმის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს 2035 წლამდე მწეველთა რაოდენობის 5%-მდე შემცირებას. ახალ რეგულაციას მიღებამდე 75-დღიანი საჯარო განხილვა უძღოდა.

კანადის ფსიქიკური ჯანმრთელობისა მინისტრმა კაროლინ ბენეტმა განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარებით კანადაში ყოველწლიურად დაახლოებით 48 000 ადამიანი იღუპება.

”ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა გავხდეთ პირველი ქვეყანა, სადაც ინდივიდუალურ სიგარეტებზე ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი შეტყობინებები იქნება”, - თქვა ბენეტმა და ცვლილებას ”გაბედული ნაბიჯი” უწოდა.

კანადაში სიგარეტის შეკვრაზე გამაფრთხილებელი ეტიკეტები 1989 წლიდან გაჩნდა. პირველად კი კანონი სიგარეტის მარკირებისა და რეკლამის შესახებ აშშ-ში 1965 წელს მიიღეს. დროთა განმავლობაში ეს რეგულაცია სხვა ქვეყნებში ამოქმედდა და შეფუთვაზე გამაფრთხილებელი  წარწერების გარდა ფოტოებიც გაჩნდა.

აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამაფრთხილებელი ეტიკეტების შემოღების შემდგომ, მწეველთა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო. 1960-იან წლებში აშშ-ში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 42% იყო, 2021 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 11%-მდეა შემცირებული. კანადაში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა მაჩვენებელი 10%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის 28.2%-ია თამბაქოს აქტიური მომხმარებელი.