
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ იზრდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045 000 ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი აქამდე ერთხელ უკვე გაიზარდა. მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის დადგენილებით, თავდაპირველი ბიუჯეტი, რომელიც 20 935 000 ლარს შეადგენდა, 21 470 000 ლარამდე გაიზარდა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს, მიზანი კი, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობაა.
ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების მიღების ერთ-ერთი წინაპირობა თხილის კადასტრში რეგისტრაცია იყო. ამასთან, სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს თხილის ბაღს ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.