LIVE

2022 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტით 4.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა

31 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
2022 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტით 4.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა

2022 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტით 4.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც აბონენტების მთლიანი რაოდენობის 70%-ია.

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიშის თანახმად, შარშან ყველაზე მეტი, 1.48 მლნ მობილური ინტერნეტმომხმარებელი „სილქნეტს“ ჰყავდა, მეორე პოზიციაზე იყო „მაგთიკომი“ (1.45 მლნ მომხმარებელი), მესამეზე კი - „ბილაინი“ (სელფი) (1.17 მლნ მომხმარებელი).  

აღსანიშნავია, რომ კომპანიების ჭრილში, აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტმომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია. კერძოდ, პირველ ადგილზეა „ბილაინი“ - მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 81% მოიხმარს. ComCom-ის შეფასებით, ასეთი მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებითა და სამიზნე აუდიტორიითაა განპირობებული.

წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2018-2022 წლებში მობილური ინტერნეტმომხმარებლების წლიურმა ზრდამ 8.6% შეადგინა.

„სწრაფი ტემპით იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. კერძოდ: მოსახლეობის უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარებაში გაუმჯობესებულია და უკვე თითქმის ყველა თაობა აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს; გაზრდილია მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე და ამასთან, სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას; ტრადიციული ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურება ჩაანაცვლა სხვადასხვა მობილური აპლიკაციით განხორციელებულმა აუდიო და ვიდეო ზარებმა. აღნიშნული პროცესები, 2019 წლიდან კოვიდ პანდემიის გავლენით, კიდევ უფრო დაჩქარდა“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.