LIVE

2022 წელს მობილურმა ოპერატორებმა ₾702 მილიონის შემოსავალი მიიღეს - ლიდერი მაგთიკომია

31 მაი 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
2022 წელს მობილურმა ოპერატორებმა ₾702 მილიონის შემოსავალი მიიღეს - ლიდერი მაგთიკომია

კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამივე მობილური ოპერატორისთვის გაზრდილია. კერძოდ, „მაგთიკომისთვის“ ამ მაჩვენებელმა 14.1 ლარი, „სილქნეტისთვის“ - 12.1 ლარი, ხოლო “ბილაინისთვის” („სელფი“) - 7.7 ლარი შეადგინა.

კომისიის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი ჯამურად 702 მლნ ლარი იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია. საცალო შემოსავლები სამ მსხვილ ოპერატორზე ასე გადანაწილდა:

  • „მაგთიკომისთვის“ – საბაზრო წილი 50% - შემოსავალი 349 მლნ ლარი;
  • „სილქნეტისთვის“ – 34% - 240 მლნ ლარი;
  • “ბილაინისთვის” („სელფი“) – 16% - 113 მლნ ლარი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო. კომისიის თანახმად, ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს, საშუალოდ ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და სასურველი შეთავაზების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის, 2021 წელთან შედარებით, არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ - 25%.

ამასთან, კომპანიებს შორის შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ მომსახურებებში, ვიდრე „ბილაინის“ მომხმარებლები. „სილქნეტის“ შემთხვევაში აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ „ბილაინის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან.