
"მე სინამდვილეში ძალიან მომწონს რონ დესანტისი, იგი კეთილი ადამიანია, რომელიც ქვეყანას სჭირდება და ამას სრული სერიოზულობით ვამბობ," - ჰილარი კლინტონი. (რონ დესანტისი აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია).
"შენ ვერასდროს გახდება ნამდვილი ქალი," - პრეზიდენტ ბაიდენის აგრესიული მიმართვა ტრანსგენდერ ქალს.
ზემოთ აღნიშნული ორი განცხადება ნამდვილ ჰილარი კლინტონსა და ჯო ბაიდენს არ გაუკეთებიათ. რეალურად, მათი სიტყვების უკან ხელოვნური ინტელექტი დგას, რომელმაც აღნიშნული ამერიკელი პოლიტიკოსების იდენტური ხმით დააგენერირა ორი ყალბი განცხადება; რეალურ პიროვნებებს კი, ეს სიტყვები არასდროს უთქვამთ.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად არსებობს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისაგან გარჩევა რთული იქნება; თავის მოსაწონ და სასურველ "რეალობას" კი ყველა შექმნის.
კლინტონისა და ბაიდენის ყალბი განცხადებები რეალურთან მაქსიმალურად მიმსგავსებული, თუმცა მაინც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი მასალაა; ამერიკულ სოციალურ მედიაში გამოჩნდა მსგავსი ათასობით კადრი, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენს რეალობას, თუმცა მათ დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა თითქმის შეუძლებელია.
"ძალიან გაუჭირდებათ ამომრჩევლებს რეალურისა და ყალბის ერთმანეთისაგან გარჩევა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიყენებენ ტრამპისა და ბაიდენის მხარდამჭერები ერთმანეთის წინააღმდეგ აღნიშნულ ტექნოლოგიას, რათა ოპონენტები საზოგადოებას ცუდად დაანახონ," - აცხადებს დარელ უესტი, ბრუკინგსის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის უფროსი თანამშრომელი.
ამ თემაზე ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ეხება CNN-ის ტელეწამყვანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში დონალდ ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია; თუმცა აღსანიშნავია, რომ წამყვანის ტუჩების მოძრაობა და მის მიერ ნათქვამი სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა. CNN უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ვიდეო ყალბია და იგი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. აღნიშნულ სკანდალს თავად ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო ნამდვილს ჰგავს, თუმცა დღევანდელობაში ამის დანამდვილებით თქმა არავის შეუძლია.
ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის განცხადებით, რომელიც მან კონგრესთან გააკეთა, არჩევნები ძალიან საზრუნავი სფეროა, რომლის დასაცავად აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის სექტორში რეგულაციების სწრაფად შემოღება.