LIVE

21%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 9 600 ლარზე მეტია - PMC

30 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 488
21%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 9 600 ლარზე მეტია - PMC

2023 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9 600 ლარს ან უფრო მეტს იღებდნენ, წლიურად 20.9%-ით გაიზარდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ზრდა 33.9% იყო.

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, გასულ თვეში 9 600 ლარიანი, ან უფრო მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.9%-ს ჰქონდა.  

აღსანიშნავია, რომ აპრილში, დასაქმებულთა 19%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის აპრილთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

გასულ თვეში წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 2 400 ლარს ან უფრო მეტს იღებდნენ. ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ აპრილში 2 400 ლარიანი ან უფრო მეტი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 21.8%-ს ჰქონდა.

ამასთან, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აპრილში ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით, ხოლო 2021 წლის აპრილთან შედარებით, 6.3%-ით გაიზარდა.

2023 წლის პირველი კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა - 1 551 100 ადამიანი;
  • დასაქმებული - 1 271 900 ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული - 863 500 ადამიანი;
  • თვითდასაქმებული - 407 700 ადამიანი;
  • უმუშევარი - 279 200 ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 52%;
  • დასაქმების დონე - 42.6%;
  • უმუშევრობის დონე - 18%.

დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე 38 330 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 7 075 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში, 10 344 ვაკანსია - გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 8 982 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში.