LIVE

პოლონეთმა რუსული და ბელარუსული სატვირთოებისთვის საზღვარი დაკეტა - TASS

30 მაი 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 275
პოლონეთმა რუსული და ბელარუსული სატვირთოებისთვის საზღვარი დაკეტა - TASS

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სატვირთოებისთვის, რომელთაც ბელარუსიდან პოლონეთში რუსული და ბელარუსული პროდუქცია გადააქვთ, ქვეყნის საზღვარი იკეტება.

"პირველი ივნისიდან აიკრძალება პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთა სატვირთო მანქანებით, ტრაქტორებით, მისაბმელიანი ანდაც ნახევრადმისაბმელიანი მანქანებითა და საგზაო მატარებლებით, რომელთაც რუსეთში ანდაც ბელარუსში რეგისტრირებული პროდუქცია გადააქვთ," - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელი პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ მოაწერა. შეზღუდვა ძალაში უკვე შესულია. 

აღნიშნულ აკრძალვამდე პოლონეთმა სანქცირებულთა სიაში დამატებით შეიყვანა 365 ოფიციალური პირი, რომლებიც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს წარმოადგენენ. მათთან ერთად პოლონეთმა სანქციები დააკისრა 20 სუბიექტსა და 16 მეწარმეს, რომელთაც რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში ედებათ ბრალი. აღნიშნული გადაწყვეტილება კამინსკიმ პარასკევს მიიღო, მას შემდეგ, რაც ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პოლონელი აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის სასჯელი, რომელიც სასჯელაღსრულების კოლონიაში 8 წლით გაგზავნას ითვალისწინებს.