2022 წელს საქართველოში საწარმოების 6.9%-მა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა, ხოლო 6%-მა ინოვაციური ან უკეთესი მომსახურება ადგილზე დანერგა.
საქსტატის ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში ინოვაციები საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული. ეს მაჩვენებელი საქონლის შემთხვევაში - 75%, ხოლო მომსახურებაში 83.4%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინოვაციების 58.3% სიახლე იყო საწარმოებისთვის, ხოლო 41.7% ზოგადად ბაზრისთვის წარმოადგენდა სიახლეს.
ინოვაციურ საწარმოთა წილი, სადაც ახალი და გაუმჯობესებული მომსახურება და საქონელი შეიქმნა, საწარმოთა მთლიან რაოდენობაში შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ბუღალტრული აღრიცხვისა ან სხვა ადმინისტრაციული ოპერაციები - 8.6%
- საქონლის წარმოების, განვითარების ან მომსახურების მიწოდება - 8%
- ინფორმაციის დამუშავება ან კომუნიკაცია - 7.4%
- რეკლამირების, შეფუთვის, ფასების, პროდუქტის განთავსებისა ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მარკეტინგი - 7.2%
- სამუშაო პასუხისმგებლობის ორგანიზების, გადაწყვეტილების მიღებისა ან ადამიანური რესურსების მართვა - 7.1%
- პროცედურების ან საგარეო საგარეო ურთიერთობების ორგანიზების ბიზნეს პრაქტიკა - 4.6%
საწარმოებში ბიზნეს პროცესების ინოვაციების ყველაზე დიდი წილი - 83.7% დამოუკიდებლად შეიქმნა, შესაბამისად, 19.3% - სხვა საწარმოთა და დაწესებულებასთან ერთად. ინოვაციების 18.1% სხვა კომპანიის საქონლისა ან მომსახურების ადაპტირებით შეიქმნა, ხოლო, 15.9% უშუალოდ სხვა საწარმოსა ან დაწესებულების მიერ შემუშავდა.
რაც შეეხება ინოვატორული კომპანიების ეკონომიკურ სტრატეგიებს, 45.3% მაღალ ხარისხს ანიჭებს უპირატესობას, საწარმოთა 34.7% გაუმჯობესებული საქონლისა ან მომსახურების მიწოდებას მიიჩნევს პრიორიტეტად, ხოლო 31.7% ფიქრობს, რომ არსებულ მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაა მნიშვნელოვანი.
საწარმოების მიერ ბიზნეს გარემოს შეფასებისას, მთავარ გამოწვევად საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა დასახელდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს.