LIVE

ავტორიტარულ რეჟიმებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - EPRC

30 მაი 202311:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
ავტორიტარულ რეჟიმებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - EPRC

„ეკონომიკური დამოკიდებულების“ ინდექსის თანახმად, ბოლო 2 წელში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება დემოკრატიულ ქვეყნებზე 6.8%-ით შემცირდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემცირება ძირითადად, საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიის ცვლილების, მათ შორის აზერბაიჯანის, რუსეთის და ჩინეთის წილის ზრდის, და გზავნილების ინდიკატორში რუსეთის წილის მატების ხარჯზე მოხდა.  

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი, ჯამურად, სრული და არასრული დემოკრატიის ქვეყნებისკენ არის გადახრილი - 56.9.%-ით. აქედან სრულ დემოკრატიაზე დამოკიდებულება 30.8%-ია, არასრულზე კი - 26.1%. EPRC-ის შეფასებით, აქ მთავარი განმსაზღვრელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საგარეო ვალის და ფულადი გზავნილების ინდიკატორებია.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე, 2007 წლიდან 2022 წლამდე, დაახლოებით 20%-ით (2007 წელი - 11%, 2022 წელი - 30.9%) გაიზარდა.

„ცვლილება განპირობებულია როგორც საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების მიერ დემოკრატიის სტატუსის ცვლილებით (რუსეთი 2011 წელს ჰიბრიდული ქვეყნების ჯგუფიდან ავტორიტარული რეჟიმის ჯგუფში გადავიდა), ასევე ქვეყნის ვაჭრობის გეოგრაფიის ცვლილებით ავტორიტარული ქვეყნების სასარგებლოდ.

2007 წლიდან დღემდე ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების წილი საგარეო ვაჭრობაში გაიზარდა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში იმპორტირებული (60% - 2022 წელს) და ექსპორტირებული (72% - 2022 წელს) პროდუქტების უმეტესობა ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, სადაც შიდა პოლიტიკური მოწყობა ავტორიტარული ან ჰიბრიდული დემოკრატიაა. ამ მაჩვენებელზე წამყვან გავლენას ახდენს მთავარი სავაჭრო პარტნიორების დემოკრატიზაციის მაჩვენებელი (ავტორიტარული - რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი) და (ჰიბრიდული - თურქეთი, სომხეთი)“, - აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.

შეგახსენებთ, „ეკონომიკური დამოკიდებულების“ ინდექსი აჩვენებს საქართველოს ეკონომიკურ „დამოკიდებულებას“ მსოფლიოს ქვეყნების ჯგუფებზე, მათი დემოკრატიულობის მაჩვენებლის შესაბამისად. ეკონომიკური დამოკიდებულება იზომება ცალკეულ ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის მაჩვენებლების მიხედვით. მის გასაზომად გამოყენებულია ინდიკატორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქონლის ექსპორტი; საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.