LIVE

ჩინეთი მწარმოებლებისთვის საგადასახადო შეღავათებს განიხილავს

03 ივნ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 312
ჩინეთი მწარმოებლებისთვის საგადასახადო შეღავათებს განიხილავს

ჩინეთი მაღალი დონის მწარმოებელი კომპანიებისთვის ახალ საგადასახადო შეღავათების დაწესებას განიხილავს. Bloomberg-ის ანონიმური შიდა წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, აშშ-თან კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიური კომპანიების ინოვაციების წახალისებას ისახავს მიზნად.

განხილულმა საგადასახადო პოლიტიკამ მოწინავე მწარმოებლებს ასობით მილიარდი იუანი შეიძლება დაუზოგოს.

მწარმოებლებისთვის სუბსიდიების დაწესების მოლოდინი ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადების საფუძველზე გაჩნდა. პრეზიდენტმა მაღალი დონის შეხვედრაზე "თანამედროვე ინდუსტრიული სისტემა" ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტად დაასახელა. მაღალი დონის წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზეც განიხილეს. მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვადასხვა ინდუსტრიას - ჩიპების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიოფარმაცევტიკის ჩათვლით.

პეკინი დიდ ზეწოლას განიცდის მონეტარული და ფისკალური სტიმულის გაზრდის მოთხოვნით. თუმცა ანალიტიკოსები სტიმულის ზრდას არ ელიან, რადგან წელს ეკონომიკის ზრდის სამიზნე მაჩვენებელმა მცირედით, 5%-მდე მოიმატა. ნაცვლად ამისა, ისინი ვარაუდობენ, რომ ბიზნესის ნდობის ასამაღლებლად სწორედ ისეთი მიზნობრივი ზომები იქნება მიღებული, როგორიც საგადასახადო შეღავათების დაწესებაა.

მთავრობის განცხადებით, ეკონომიკის გაუმჯობესების ფონზე წინა წელთან შედარებით საგადასახადო შეღავათი წელს 4.2 ტრილიონი იუანიდან 1.8 ტრილიონამდე ($225 მილიარდი) შემცირდება. თუმცა საგადასახადო შეღავათების ზრდა მიუთითებს, რომ ოფიციალური პირების მხრიდან საერთო პერსპექტივის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთება.

მაღალი დონის მწარმოებლებისთვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათები დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ პეკინი იმ სექტორის მხარდაჭერას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამაზე კი განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-თან და მის მოკავშირეებთან გაძლიერებული დაძაბულობის ფონზე ამახვილებენ.

გასულ წელს წარმოების მხარდაჭერის მიზნით, ჩინეთის სახალხო ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ხელახალი სესხების სახით 200 მილიარდ იუანზე მეტი გასცა. თუმცა შეღავათიანმა დაკრედიტებამ ვერ გამოასწორა მდგომარეობა, რადგან მოთხოვნის ვარდნამ კომპანიების მოგებაც შეამცირა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წარმოების მოგება ამ წლის პირველ კვარტალში 27%-ითაა შემცირებული  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობა ფართომასშტაბიან ფისკალურ სტიმულებს ვერ იყენებს, რადგან მნიშვნელოვნად გაუარესდა ქონების ბაზარი და შემცირდა მიწის გაყიდვის ტემპი, რაც ადგილობრივი მთავრობისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. ასევე გაზრდილია ვალის გადახდის რისკები.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავალი ჩინეთის მშპ-ში 2018 წლის 17%-იანი მაჩვენებლიდან 2022 წელს 13,8%-მდე შესუსტდა, რაც მთავრობის მიერ ეკონომიკის გაძლიერების მიზნით წინა წლებში შემცირებული გადასახადების შედეგი იყო. წლევანდელი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის „დიდ წინააღმდეგობაზე“ გაფრთხილებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ლიუ კუნი ამ წლის დასაწყისიდან იძლევა.