LIVE

ბინის გირაობის თაღლითური სქემები თბილისში - რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად?

30 მაი 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 2791

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სტატუსის მქონდე დეველოპერული კომპანიები ან კომპანიებად გასაღებული ფიზიკური პირები, მომხმარებლებს ბინების დაგირავებას სთავაზობენ.

კომპანიები ამ ბინებს გრძელვადიანი კონტრაქტებით ქირაობენ და მხოლოდ ამის შემდეგ აგირავებენ დაინტერესებულ პირებზე. ამ ფორმით ისინი დიდი ოდენობით ფინანსურ სახსრებს იზიდავენ. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი კომპანიები ბაზრიდან ქრებიან, მათი მეპატრონეები კი ქვეყანას ტოვებენ, შესაბამისად გადახდილ ფულს მოქალაქეები უკან ვეღარ იბრუნებენ. 

"ძალიან მაღალია მომართვიანობა, ასეთი კომპანიები და პირები მომრავლდა, ქეში ფულის მობილიზებას ახერხებენ ასეთი მარტივი გზით, ამიტომ აუცილებელია, რომ სამართალდამცავები გააქტიურდნენ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას იურისტი, უძრავი ქონების ასოციაციის ბორდის წევრი ოთარ კაჭკაჭიშვილი. 

როცა მომხმარებელს უჩნდება კითხვა, თუ რით იქნება მისი თანხა დაზღვეული, დეველოპერული კომპანიები აჩვენებენ მათ სახელზე არსებულ ქონებას, თუმცა ხშირად, მატერიალური სახით ეს ქონება არც არსებობს, არის შემთხვევები, როდესაც აჩვენებენ მიწის ნაკვეთებს, რომელზეც რამის აშენება პერსპექტივაშიც კი არ განიხილება. 

უძრავი ქონების სააგენტოებშიც უდასტურებენ "ბიზნეს ფორმულას" რომ კომპანიების ნდობა და მათგან ბინების დაგირავება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან თუ კომპანია გაკოტრდება, არანაირი ბერკეტი აღარ რჩება მოქალაქეს იმისთვის, რომ თანხა უკან დაიბრუნოს. იურისტების თქმით კი, ამ მომენტისთვისაც სასამართლოში არა ერთი მიმდინარე საქმეა, ისეთი როდესაც დეველოპერული კომპანია საერთოდ გაქრა ან მათ ბალანსზე არანაირი ქონება არ აქვთ, ამასთან დადებული ხელშეკრულებებიც საკმაოდ ზედაპირულია და ხშირად ადამიანებს სასამართლო დავისთვის ბერკეტიც აღარ რჩებათ.