LIVE

რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთსა და ინდოეთში მაისშიც გაიზარდა

03 ივნ 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 307
რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთსა და ინდოეთში მაისშიც გაიზარდა

2023 წლის მაისში აზიაში იმპორტირებული რუსული ნავთობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად, რუსული ნავთობის მყიდველები აღნიშნულ რეგიონში ჩინეთი და ინდოეთი არიან. 

Refinitiv Oil Research-ის მონაცემებით, მაისის თვეში აზიაში იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა დღიურად დაახლოებით 27.73 მილიონ ბარელს შეადგენს, ეს კი 8.6%-ით მეტია რეგიონში აპრილში იმპორტირებული ნავთობის ყოველდღიურ (26.39 მილიონი ბარელი) რაოდენობაზე.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად ნავთობზე აზიის მოთხოვნის ზრდის პარალელურად იმატებს რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილიც, რაც ძირითადად, ჩინეთისა და ინდოეთის, ნავთობის შესყიდვების მხრივ რეგიონის ორი უმსხვილესი ქვეყნის, დამსახურებაა. 

აზიაში იმპორტირებული რუსული ნავთობის უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. ვარაუდობენ, რომ მაისის თვის დასასრულისთვის ჩინეთს ყოველდღიურად 11.96 მილიონი ბარელი ნავთობი ექნება იმპორტირებული, საიდანაც 2 მილიონი ბარელი მხოლოდ რუსული ნავთობი იქნება. შესაბამისად, რუსეთი ჩაანაცვლებს საუდის არაბეთს და იგი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყანა გახდება. 

მომატებული იმპორტის მიზეზად სახელდება ზაფხულისთვის ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა. გარდა ამისა, რუსეთმა საგრძნობლად დაბალ ფასად შეიტანა ნავთობი ჩინეთში, რადგან იგი დასავლეთში სანქციების გამო აღარ იყიდება. 

გარდა ჩინეთისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთშიც. მაისის თვეში  ინდოეთის მიერ შესყიდული რუსული ნავთობის რაოდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 1.97 მილიონი ბარელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთზე ინდოეთში ყოველდღიურად იმპორტირებული ნავთობის 38.6% მოდის.

მსგავსად ჩინეთისა, ინდოეთის ინტერესს რუსულ ნავთობში განაპირობებს მისი დაბალი ფასი. შედეგად, ინდოეთთან დაკავშირებითაც მოლოდინია, რომ საუდის არაბეთიდან იმპორტირებული ნავთობის ხვედრით წილს რუსული ნავთობი გადააჭარბებს.