
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი თბოელექტროსადგური აშენდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოცხადდება აუქციონი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური.
აღსანიშნავია, რომ ახალი თბოსადგური გარდაბანში რიგით მესამე იქნება. 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" 2020 წელს გაიხსნა. ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა. გარდაბანში პირველი, 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 2015 წლის ივლისში შევიდა ექსპლუატაციაში. მშენებლობაზე 231 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც მთლიანად დაფინანსდა სს „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ.