
პოლონეთი 2024 წლისთვის ორჯერ გეგმავს მინიმალური ხელფასის მომატებას. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, მარლენა მალაგმა, გააკეთა. მინიმალური ხელფასის მომატების მიზანი მაღალი ინფლაციის პირობებში მოსახლეობის დახმარებაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება.
გასული თვეების განმავლობაში პოლონეთში მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამომხმარებლო ფასები. თებერვალში ინფლაციამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და 18.4% შეადგინა. აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი 14.7%-ზე იყო.
"მომდევნო წელს მინიმალური ხელფასი 4 200 ზლოტი იქნება ($1 015)," - განაცხადა მალაგმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასი, როგორც მიმდინარე 2023 წელს, ისე მომდევნო წელიწადს ორ ეტაპად გაიზრდება: პირველ ეტაპზე, 1-ლი იანვრიდან, ხოლო მეორე ეტაპზე - 1-ლი ივლისიდან.
2023 წლის იანვრიდან პოლონეთში მინიმალური ხელფასი 3 490 ზლოტამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით $830-ს წარმოადგენს. ივლისიდან კი მინიმალური ხელფასი ქვეყანაში კიდევ ერთხელ უნდა გაიზარდოს, ამ ჯერად 3 600 ზლოტამდე (დაახლოებით $850).
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წელს, სავარაუდოდ ოქტომბერში ან ნოემბერში ჩატარდება.