
Netflix-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში პაროლის გაზიარებას კრძალავს. ვიდეოსტრიმინგის სერვისმა ანგარიშის პაროლის სხვებისთვის გაზიარების აკრძალვასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი შეტყობინება ამერიკელ მომხმარებლებს სამშაბათს გაუგზავნა.
"თქვენი Netflix-ის ანგარიში გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და პაკეტში მოაზრებულ ადამიანებს," - იტყობინება კომპანია. ამავე შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თუკი პიროვნება საკუთარ ანგარიშს სხვას გადასცემს, მაშინ წევრობის საფასური ახალმა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. სხვა შემთხვევაში, პაკეტში ზედმეტად დამატებული თითოეული ანგარიში თვეში $7.99 ეღირება. აღნიშნული არ გულისხმობს მათ, ვინც უკვე მოაზრებული და შეყვანილია შესაბამის პაკეტში.
პაროლის გაზიარების პოლიტიკის გამკაცრებით Netflix-ს შემოსავლებისა და გამომწერების გაზრდა სურს. საქმე ისაა, რომ დაახლოებით 100 მილიონი ანგარიშის პაროლი ზიარდება მომხმარებლებზე, რომლებიც ამაში ფულს არ იხდიან. ანგარიშთა აღნიშნული რიცხვი კი გლობალურად Netflix-ის მომხმარებელთა დაახლოებით 43%-ს წარმოადგენს. Netflix-მა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მას ახალი კონტენტის შექმნისთვის ინვესტიციების ჩადებაში უშლის ხელს.
2023 წლის დასაწყისში Netflix-მა პაროლის გაზიარება აკრძალა ახალ ზელანდიაში, კანადაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. საინტერესოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ესპანეთში Netflix-მა 1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა. აღნიშნულთან დაკავშირებით Netflix-ში ვარაუდობენ, რომ ანგარიშების გაუქმება დროებითი ეფექტია და რამდენიმე ხანში ეს ადამიანები კვლავ დაუბრუნდებიან ვიდეოსტრიმინგის პლატფორმას.